ვაზი და ადამიანი საქართველოს მიწაზე ერთ დროს გაჩნდნენ და დღემდე ერთმანეთს აცოცხლებენ. ქართულ ღვინოში განსახიერებულია ქართველი ერის ისტორია, კულტურა და ცხოვრების წესი. იგი სტუმარმასპინძლობის, მეგობრობის, ურთიერთგატანისა და დღეგრძელობის საიდუმლოა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა, სადაც მაღლარი ვენახის გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 1.200 მეტრს აღწევს.
მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ამ მხარის წვლილი ვაზის - უმდიდრესი გენოფონდის, ამ ეროვნული განძის შექმნის საქმეში. ამ პატარა ტერიტორიაზე (2.9 ათასი კვ.კმ) მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად 40-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი და აპრობირებული.
აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ წარმოებული ღვინოები "ცოლიკაური" და "ჩხავერი" დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში.
ცოლიკაური - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ის ქედის მუნიციპალიტეტში ფართოდაა გავრცელებული. ცოლიკაური საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ივითარებს საშუალო ზომის კონუსურ ან განიერკონუსურ, მომრგვალომარცვლიან მტევანს. გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის მაღალი ხარისხით, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით, გარემოსადმი კარგი შეგუების უნარით. ის სამრეწველო ჯიშია, მისგან ამზადებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს. ცოლიკაურს, როგორც უძველეს ქართულ ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი. ჰექტარზე იძლევა 7-9 ტონა ყურძენს, საშუალო შაქრიანობა - 20-25%, მჟავიანობა კი 7,5-9,5 პრომილამდეა.
ჩხავერი - ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. აჭარაში გავრცელების ზონაა ქედის მუნიციპალიტეტი.. იძლევა მაღალხარისხოვან საღვინე მასალას. "ჩხავერი" არის ღია ჩალისფერი ღვინო ვარდისფერი ელვარებით, მეტად ნაზი, ჰარმონიულა ბუკეტით და გამოირჩევა ჯიშური არომატით. გამოიყენება შუშხუნა ღვინოების დასამზადებლადაც. რთველობას იწყებს გვიან, ნოემბრის მეორე ნახევრიდან. შაქარს აგროვებს 19,5-21%-ს. მჟავიანობა 8,1-9 პრომილია. ჰექტარზე იძლევა 5,5-8 ტონა ყურძენს. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა. მტევანი ცილინდრულ-კონუსურია, მარცვალი - მუქი წითელია, ვარდისფერი იერით, სქელკანიანი, წვნიანი, ტკბილი გემოთი.
ვაზი აჭარაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა... |
ღვინის ტური ღვინის ტური ქედის რაიონში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ "აჭარული ღვინის სახლი" და საოჯახო ღვინის მარნები... |
ღვინის ჭურჭელი ღვინის შენახვა ხდება თიხის ჭურჭელში, რომელსაც ქვევრი ეწოდება... |
ღვინის დაყენება თეთრი სუფრის ღვინო ყურძნის წვენის ალკოჰოლური დუღილის პროდუქტია... |
ქართული სუფრა ღვინო ტრადიციული ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია... |
ღვინის დეგუსტაცია სადეგუსტაციო ჭიქა მაღალფეხიანია და მოგრძო, ოვალური ფორმა აქვს... |