goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აჭარის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. დანდალო, დანდალოს ხიდი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

აჭარაში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.

აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკო ტურიზმის მოყვარულთათვის.

აჭარაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინო, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ აქვე გაშენებული ვენახის - "ჩხავერის" ზვარი, შეიძინოთ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რთველში.

აჭარაში შეგიძლიათ ინახულოთ პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს. სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კი იხილოთ ისტორიული ციხე-სიმაგრე პეტრა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.

აჭარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი, რომელიც თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებითა და ზღვისპირა ბულვარით თანამედროვე საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს.


აჭარა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში

აჭარას, როგორც ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა და გერბი.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევა 4 წლით. უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა - საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - გამგეობა (მერია). მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოების მიერ ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე კანონის წინაშე.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს სახალხო დამცველის - ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებელია და ზედამხედველობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

//