goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანი II

ქობულეთის დაცულმა ტერიტორიებმა, რომელშიც შედის ისპანის სფაგნუმიან ტორფნარები და მიმდებარე რელიქტურ კოლხური ტყეები, ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს. იგი მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (ისპანი I) (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II) (439 ჰა), რომლებიც შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობენ.

ისპანი II წარმოადგენს მსოფლიო უნიკალურ პერკოლაციური ტიპის ტორფნარს. ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა 1997 წლიდან, როგორც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი მნიშვნელოვან ჭარბტენიანი ტერიტორია.

ისპანის საოცრებანი - სფაგნუმის გუმბათი
სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი. იგი თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასოდეს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად (რომელიც მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია) ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე. ეს გუმბათი შემოგარენიდან 4-5 მ-ით მაღლაა წამოწეული.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
ისპანის ტორფნარს უდიდესი როლი აკისრია რეგიონული და ლოკალური კლიმატის რეგულაციაში. იგი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქმნის ციკლში. ჭაობის მცენარეების მიერ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმის შედეგად ტორფნარებში აკუმულირდება სხვადასხვა ორგანულ ნაერთებთან დაკავშირებული ნახშირბადის დიდი რაოდენობა.

ამასთან ისპანის ტორფნარებს დიდი წყალმარეგულირებელი და წყალშემაკავებელი ფუნქცია აკისრიათ. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს და მას შეუძლია დაიტიოს მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყალი. ამით იცავს ქობულეთს წყალდიდობებისაგან.

ისტორიულ - კულტურული ღირებულება
ტორფნარები ინახავენ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებს. ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი აღმოჩენილი იქნა 1964 წელს სადრენაჟე არხის გათხრისას. აღმოჩენილი ნამოსახლარები ძვ. წ. IV და III ათასწლეულის მიჯნის დროინდელია. აქ 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი, მაშინ როცა ეს ადგილი არ იყო დაჭაობებული.

შესაძლო აქტივობები: ტორფნარზე სიარული, ფრინველებზე დაკვირვება

ვიზიტორებისათვის დაცულ ტერიტორიაზე განთავსებულია საინტერპრეტაციო-საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორებს მოუთხრობენ ისპანის წარსული გეოლოგიური ეპოქის, გარემოსდაცვითი და ისტორიული ღირებულების შესახებ. ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ სფაგნუმის ანუ თეთრი ხავსის ხალიჩაზე სპეციალური თხილამურების დახმარებით. დააკვირდნენ ფრინველებს გადასახედი კოშკიდან. აგრეთვე შეუძლიათ მოინახულონ ისეთი უნიკალური მცენარეები როგორებიცაა: თეთრი დუმფარა, ყვითელი დუმფარა, ცვრიანა ანუ მწერიჭამია დროზერა, ჭაობის კუ.

სასარგებლო ბმული: დაცული ტერიტორიების სააგენტო

//