goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

2012 წელს მაჭახელას ხეობა ეროვნულ პარკად გამოცხადდა. ხეობა მდებარეობს მდ. მაჭახელას ხეობაში, რომელიც წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო მდინარეს საქართველოსა და თურქეთს შორის.

მაჭახელას ეროვნული პარკი ემიჯნება თურქეთის მხარეს მდებარე ჯამილის ბიოსფერულ რეზერვს, რაც განაპირობებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას.

მაჭახელას ხეობა ხასიათდება ენდემური და რელიქტური სახეობების იშვიათი მრავალფეროვნებით. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყის ფიტოცენობს წიფლის დომინირებით. ტყეებში ასევე გვხვდება წაბლი, მუხა და სხვა. მერქნიანი სახეობებიდან 13 შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ტერიტორია ასევე მდიდარი ფაუნის თვალსაზრისითაც.

იგი უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნითაა შექმნილი.

მაჭახელას ეროვნული პარკი ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს წარმოადგეს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს) და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) ერთმანეთთან აკავშირებს. მას ასევე მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილის დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებასა და საქართველო თურქეთის ტრანსსასაზღვრო კონსერვაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი, საკვანძო ფუნქცია ეკისრება.

მაჭახელას ეროვნული პარკის ფარგლებში კონსერვაციის სამიზნე სახეობებს წარმოადგენს: კავკასიური ფუტკარი, მურა დათვი, კასპიური შურთხი, კავკასიური სალამანდრა, უთხოვარი, ჭოროხის მუხა, უნგრეთის შქერი, ლაზური ზამბახი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

სასარგებლო ბმული: დაცული ტერიტორიების სააგენტოგარე ბმული

//