goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სამზარეულო

აჭარული ხაჭაპური (მომზადების პროცესი)

აჭარული სამზარეულო

აჭარის ხალხური სამზარეულო მრავალფეროვნებითა და მომზადების ტექნოლოგიით, სუფრის გაშლის წესებითა და მასთან დაკავშირებული რიტუალებით გამოირჩევა. ძირითად რაციონს ძველთაგანვე ავსებს ხილი, მევენახეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტები, თევზეული. აჭარაში სულ 150-მდე დასახელების კერძია ფიქსირებული. აჭარული სამზარეულო განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს. ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია: ბორანო (კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული (კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი (ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი). აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც სხვა დანარჩენი სახეობებისაგან უპირველესად ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. "აჭარული ხაჭაპური" თავისი ფორმით განასახიერებს ნავს, ხოლო კვერცხის გული კი - მზეს. აჭარულ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აჭარულ ტკბილეულებას, როგორიცაა: ბაქლავა და შაქარლამა.


აჭარული ღვინო

აჭარაში მევენახეობა უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული და ადგილობრივ ვაზის ჯიშთა რაოდენობა 80 ერთეულს აღწევდა. რეგიონში ჩამოყალიბდა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე აბორიგენული და ინტროდუქცირებული ვაზის 40-ზე მეტი ჯიში. აჭარაში იწარმოება ღვინის ისეთი უნიკალური სახეობები, როგორებიცაა "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი". დღეისათვის აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის ცოლიკაურის ვენახი 70%, ჩხავერი 8%, დანარჩენი 22% წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და ინტროდუქცირებული ვაზის ჯიშებით.

სასარგებლო ბმული: ღვინის ტურიზმი აჭარაში

//