ბოლო წლებში რეგიონში წარმატებით ჩატარებულმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო დონის ღონისძიებებმა აჭარას სახელი გაუთქვა როგორც MICE-ტურიზმისათვის საინტერესო მიმართულებას. რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ მიმართული ახალი პროექტები მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთაშორისო დონის გამოფენებისა და ღონისძიებების ჩატარებას. აჭარა უკვე იზიდავს MICE-სექტორში მომუშავე პროფესიონალებს როგორც ზაფხულის პერიოდში, ასევე მთელი წლის განმავლობაში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონმა მოიპოვა ქვეყნის მასშტაბით კულტურული ცენტრის სტატუსი და იგი ყოველწლიურად მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა: „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, კინოს საერთაშორისო ფესტივალი „BIAFF“, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. ასევე აღსანიშნავია ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც აჭარის სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად იმართება: „შუამთობა“, „კოლხობა“, „ქედელობა“ და ა.შ
ახალ აშენებული ხუთვარსკვლავიანი მსოფლიო ბრენდის სასტუმროები და ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ბიზნეს და პოლიტიკურ შეხვედრებს, კონგრესებსა და კონფერენციებს. რეგიონის ბიზნეს ურთიერთობების და ახალი საქმიანი თანამშრომლობების დამყარების მიზნით ყოველწლიურად იმართება დიდი საერთაშორისო გამოფენები.
ექსპო-ბათუმი ითვლება ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად აჭარის სწრაფად განვითარებად ტურიზმის ინდუსტრიაში. იგი პოპულარიზაციას უწევს აჭარის რეგიონს როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას და ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას.