აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ–ის სიმაღლეზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.
ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ. რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის. კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. პლაჟები კეთილმოწყობილია; გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლაჟზე ჩადგმული კაფე-ბარებისა, აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა დიზაინის წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი სპორტული მოედნებით, საზაფხულო კაფე–ბარებით, ბუნგალოებითა თუ რესტორნებით. ქობულეთ-ფიჭვნარი საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, სადაც ვრცელ ტერიტორიაზე (დაახლოებით 100 ჰექტარი) შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წ. II-I ათასწლეულების შუა, და ელინისტური ხანის მძლავრი კულტურული ფენები.
ქობულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირშესანიშანობას წარმოადგენს ახალგახსნილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 3.500 სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს.