goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


10 რამ რაც უნდა იცოდე

აჭარული ტრადიციული სამოსი
  1. ქართული სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა
    განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას საქართველოში ვიზიტისას სწორედ ხალხის კეთილგანწყობა და სტუმრებისადმი თბილი დამოკიდებულება ქმნის. კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, უძველესი დროიდანავე უცხოელი სტუმართან ასოცირდებოდა. დღესაც, თანამედროვე ქართველები უცხოელებს ქვეყნის სტუმრებად მიიჩნევენ და ცდილობენ ყურადღება გამოხატონ მათ მიმართ. ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი ხალხი ვიზიტის დროს ხშირად შეგხვდებათ და ეს განწყობა აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.

  2. ქართული სუფრის კულტურა და "თამადის" ტრადიცია
    ქართულ სუფრას თავისი ტრადიციებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. სადღეგრძელოების კულტურა კავკასიის ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მაგრამ ქართული სუფრის წამყვანის - "თამადის" ფენომენი ყველაზე მეტად სწორედ საქართველოშია დამკვიდრებული. "თამადა" სუფრას წარმართავს და მას სუფრაზე ყველაზე საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი. ამ პოსტზე მუდამ განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს ირჩევენ. იგი განათლებული, საქართველოს ისტორიისა და კულტურის მცოდნე, მჭერმეტყველი, მუსიკალური, კომუნიკაციისა და იუმორის ნიჭით სავსე უნდა იყოს. მან უნდა შეძლოს მრავალფეროვან სადღეგრძელოებთან ერთად სტუმრები გაართოს თავისი ლექსებით, სიმღერებითა თუ საინტერესო ამბების მოყოლით. ქართული სუფრა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და იგი ქართველებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატულებაცაა. სწორედ ამიტომაც ამ ტრადიციას თანამედროვე ქართველებიც მისდევენ. ცნობილია, რომ 300-მდე განსხვავებული სადღეგრძელო არსებობს, რომელთაგან რამოდენიმე ყველა სუფრისთვის, რაოდენ ხანმოკლეც არ უნდა იყოს იგი, აუცილებელია.

  3. ქართული სამზარეულო აჭარული კერძებითა და განსაკუთრებული ღვინით
    ქართული სამზარეულო მრავალფეროვნებითა და მომზადების ტექნოლოგიით, სუფრის გაშლის წესებითა და მასთან დაკავშირებული რიტუალებით ნამდვილ სანახაობას წარმოადგენს. აჭარული სამზარეულო ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამავდროულად განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს. აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც სხვა დანარჩენი სახეობებისაგან უპირველესად ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას. აჭარაში უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული მევენახეობა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე 50-მდე ვაზის ჯიში.
    აჭარული ხაჭაპური
  4. ხანგრძლივი საზღვაო სეზონი, უნიკალური ჰავა და დაუვიწყარი პეიზაჟები
    ბათუმში დასვენება არა მარტო ზაფხულის ცხელ პერიოდში, არამედ გაზაფხულისა და შემოდგომის თბილ დღეებშიც არანაკლებ მიმზიდველია. მაისის პირველი რიცხვებიდან უკვე ზღვაზე ბანაობა და გარუჯვაა შესაძლებელი. კიდევ უფრო სასიამოვნოა ზღვაზე დასვენება სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, რომელსაც ხშირად "ხავერდოვან სეზონს" უწოდებენ. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. გარდა ზღვაზე დასვენებისა, ასევე შეგიძლიათ დატკბეთ მთიანი აჭარის მონახულებით. პლიაჟიდან სულ რამდენიმე საათის სავალზე შესაძლებელია აღმოჩნდეთ ზღვის დონიდან 2.000-2.500 მეტრზე და დაუვიწყარი პეიზაჟები იხილოთ. რაც ყველაზე მეტად ხიბლავს აქ ჩამოსულ ტურისტს, ეს არის მთისა და ზღვის შერწმულ ჰავასთან ერთად ბუნების ლამაზი ხედები და მშვიდი გარემო.
    ბათუმის პლაჟი

  5. თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურით გამორჩეული ქალაქი ბათუმი
    საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბათუმი ისტორიული წყაროების მიხედვით დაფუძნებულია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ბათუმის პირვანდელი ფორმა - ბათუსი ძვ. წ. ა. IV საუკუნეში უკვე მოიხსენიებოდა. საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე. მე-19 საუკუნეში, პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში, ბათუმი შენდებოდა ევროპელი არქიტექტორების მიერ. იგი ითვლებოდა პოპულარულ საპორტო და ტურისტულ ქალაქად საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა პერიოდებში. ბათუმი დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით.
    ბათუმის პანორამა

  6. ბათუმის დელფინარიუმის დაუვიწყარი შოუ
    შავი ზღვის აჭარის პერიმეტრში დელფინები ბინადრობენ, აქ ყოფნის დროს შესაძლოა ზღვაში მცურავი დელფინების ხილვაც არაერთხელ მოგიხდეთ. იგი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდაც ითვლება, ამტომაცაა რომ დელფინების სკულპტურები მრავლადაა ზღვისპირა ბულვარში. ბათუმის დელფინარიუმი კი ქალაქის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, ის ჯერ კიდევ 1974 წელს დაარსდა და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. საუცხოო ნომრებით გამორჩეული სამენოვანი შოუ თბილ სეზონზე ყოველდღიურად იმართება. ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთ მომსახურებას წარმოადგენს დელფინებთან ერთად ცურვა, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს აჭარაში.
    ბათუმის დელფიონარიუმი

  7. მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა ბულვარი
    იშვიათად შეხვდებით ზღვის პირას ასეთი სილამაზით, მრავალფეროვნებით და სიდიდით გამორჩეულ ბულვარს. ჯერ კიდევ 1881 წელს ფრანგი მებაღის მიერ გაშენებული ბათუმის ბულვარი დღემდე ვითარდება და ლამაზდება საუცხოო ფანტანებით, თანამედროვე სკულპტურებითა და სხვა ღირშესანიშნაობებით. დღეს ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 8 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, მისი ძველი და ახალი ნაწილიც გამორჩეულია ფართო სასეირნო თუ ველო ბილიკებით, ალეებში მდებარე მარადმწვანე მცენარეების, მაგნოლიებისა და პალმების საუცხოო შერწყმით, იშვიათი ზღვისპირა განაშენიანებით, შადრევნებით, ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, საბავშვო ატრაქციონებითა და სხვა გასართობი ობიექტებით.
    ბათუმის ბულვარის მთავარი შესასვლელი

  8. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი "ბათუმის ბოტანიკური ბაღი"
    თუკი გიყვართ ბუნება და სიმყუდროვე, გხიბლავთ ზღვის ხედები მრავალფეროვანი მცენარეებისა და ყვავილების სურნელება, ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო სანახაობაა თქვენთვის. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. მყუდროებითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ როგორ ხარობენ ერთნაირ პირობებში კანარის ფინიკის პალმა და იაპონური საკურა. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა.
    ბათუმის ბოტანიკური ბაღი

  9. ტურიზმის მრავალსახეობა და ბუნების მრავალფეროვნება
    საზღვაო კურორტი ბათუმი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება აჭარის მთის გამორჩეული პოტენციალით. ზღვის დონიდან 1.500-2.200 მეტრის სიმაღლეზე ისეთი კურორტები მდებარეობს, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზეა გათვლილი და თავისი საუცხოო პეიზაჟებით რომანტიკულ დასვენებას სთავაზობს ტურისტებს. აჭარის მთიანი კურორტების წიწვოვანი ტყეები ახდენენ ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას და სასარგებლო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია ასევე მრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი სიმდიდრეები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს ეკოტურიზმის მოყვარულებში.
    კინტრიშის დაცული ტერიტორია, ტბა ტბიყელი

  10. ქართული კულტურა და უნიკალური ფოლკლორი
    საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო გამორჩეულია თავისი თვითმყოფადი კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეულ ხანაში დასახლებული ტერიტორია სწორედ აჭარაში მდებარეობს. გონიოს ტერიტორია ჩვენს წ. აღ-მდე VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. რომაელების მიერ აქ აღმართული ციხე-სიმაგრე კი პირდაპირ კავშირშია ცნობილ ბერძნულ მითთან არგონავტების შესახებ. აჭარა გამორჩეულია თავისი ქვის თაღოვანი ხიდებითა და სხვადასხვა რელიგიის საკულტო ძეგლებით. ბათუმიდან რამდენიმე საათის სავალზე UNESCO-ს ძეგლთა ნუსხაში შესული ძეგლების ბაგრატისა და გელათის ტაძრების მონახულებაცაა შესაძლებელი. მრავალფეროვანი და უნიკალურია თბილისის, მცხეთისა და სხვა რეგიონების კულტურული ძეგლები. არანაკლებ მნიშვნელოვანია არამატერიალური კულტურის - ქართული პოლიფონიისა და ქართული ცეკვის ფენომენი. აჭარულ სიმღერებსა და ცეკვებს განსაკუთრებული ადგილი აქვთ დამკვიდრებული ქართულ ფოლკლორში.
    აჭარული ფოლკლორი
//