მარტი | აპრილი | მაისი | |
საშუალო ტემპერატურა |
8 | 12 | 16 |
საშ. მაღალი ტემპერატურა |
11 | 15 | 18 |
საშ. დაბალი ტემპერატურა |
5 | 9 | 13 |
საშუალო ტემპერატურა (oC) გაზაფხულზე ბათუმში
წყარო: weatherbase.com
მშვიდი, თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული ბათუმში. შეუდარებელია აპრილის თვე ახლადაყვავებული მაგნოლიების სურნელითა და ფერადოვანი კამელიებით. ამ პერიოდის ბათუმის ზღვისპირა ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება საუკეთესო აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს. კიდევ უფრო მომხიბვლელია გაზაფხული ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ბოლომდე იგრძნობ წელიწადის ამ მშვენიერი დროის სილამაზეს.
განსაკუთრებულად თბილი ამინდებით გამოირჩევა მაისის თვე, იგი საზღვაო სეზონის დასაწყის პერიოდადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ზღვასთან ერთად ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ გემბლინგის ან ეკო ტურიზმის ნაირსახეობებით. გაზაფხულზე რეგულარულად იმართება ბათუმის დელფინების შოუ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის როგორც პატარებს, ისე ზრდასრულ მაყურებელს. დელფინარიუმთან ერთად 6 მაისის პარკში აკვარიუმისა და ზოოპარკის მონახულებაა შესაძლებელი, აქვე არსებობს ატრაქციონებისა და ტბაზე გასეირნების მომსახურება.
დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე მართლაც რომ გამორჩეულია. სოფლად ტურიზმის მოყვარელებისათვის შესაძლებელია ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და არყის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება და ა.შ.
გამორჩეულია ბათუმი, როგორც MICE ტურიზმისათვის საინტერესო მიმართულება. ტურიზმის ამ სახეობისათვის მსოფლიო სტანდარტების მქონე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაა შექმნილი. საქმიანი შეხვედრებისა და აქტიური დღეების შემდეგ ბათუმში გატარებული გაზაფხულის საღამოები შესაძლოა ნამდვილ დასვენებად გექცეთ.