დეკ. | იან. | თებ. | |
საშუალო ტემპერატურა |
8 | 6 | 7 |
საშ. მაღალი ტემპერატურა |
11 | 9 | 10 |
საშ. დაბალი ტემპერატურა |
6 | 3 | 4 |
საშუალო ტემპერატურა (oC) ზამთარში ბათუმში
წყარო: weatherbase.com
ბათუმისათვის ზომიერი და თბილი ზამთარია დამახასიათებელი. აქ თოვლი მცირე დროით მოდის, თუმცა თუ შეესწარით ამ იშვიათ მომენტს, ნამდვილად სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. ლურჯი ზღვისა და თოვლის საბურველით დაფარული პლაჟის, დათოვლილი პალმებისა და მარადმწვანე მაგნოლიების ხეები ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის.
განსაკუთრებით ლამაზია ზამთარი ბათუმის ბულვარში - თეთრი კოლონადები, თანამედროვე სკულპტურები, ცისა და კავკასიის მთების ფონზე ნინო და ალის ქანდაკება. შეუდარებელია ზამთარში ნავსადგურის პეიზაჟები, სადაც ძველი გემების სიმყუდროვეს წყნარი ტალღების და თოლიების ხმა არღვევს.
ზამთარი ბათუმში განსაკუთრებული სიმყუდროვით და სიწყნარითაა გამორჩეული, თუმცა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მატულობს ქალაქის სტუმრების რაოდენობაც, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან თუ დედაქალაქიდან სწორედ ახალი წლის შესახვედრად ჩამოდიან. ბათუმმა ბოლო წლებში სახელი გაითქვა საახალწლო ღონისძიებების მასშტაბებით. ღია ცის ქვეშ, ევროპისა და საოცრებათა პარკის მოედნებზე ჩატარდა გრადიოზული კონცერტები, სადაც სხვადასხვა დროს მოწვეული იყო ანდრეა ბოჩელი, ხოსე კარერასი, პლაჩიდო დომინგო, ჯგუფი "ბუენო ვისტა", ხულიო ეგლესიასი და სხვები.
ქალაქში განთავსებული კაფე-რესტორნები, მაღალი კლასის სასტუმროები თუ კაზინოები საახალწლო დღეებში განსაკუთრებული შემოთავაზებებითა და გასართობი ღონისძიებებით იზიდავენ სტუმრებს. ქალაქის მერიის ორგანიზებით იანვრის პირველ დღეებში ფოლკლორული შოუები, თოჯინების სპექტაკლები და მოძრაობის თეატრის სპეციალური წარმოდგენები იმართება ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე. მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთელი თვის განმავლობაში პატარებისათვის სპეციალური საახალწლო შოუები იმართება ბათუმის ყინულის სასახლესა და ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ნაძვის ხესთან.
აჭარის მთავრობისა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით ევროპის მოედანზე საშობაო ბაზრობა და უფასო საახალწლო კონცერტები იმართება. ზამთრის პერიოდში (დეკემბრის ბოლოდან მარტის თვემდე) ტურისტების მოსაზიდად ხორციელდება სპეციალური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში 30%-იდან 50%-მდე ფასდაკლებებსა მოიცავს.
ბათუმის დელფინარიუმი ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს მაყურებელს. განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი ამ დროს ბათუმის მუზეუმებს ჰყავს.
ზამთრის პერიოდი მიმზიდველია MICE ტურიზმით დაიტერესებული პირებისათვის.