goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


რელიგია

ხულოს მუნიციპალიტეტი, სხალთის მონასტერი

მართლმადიდებლობა აჭარაში

უფლის ამაღლების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ანდრია პირველწოდებული გამოარჩია და თან მცველად თავისი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ტრაპიზონის მხარის მცხოვრებთა მოქცევის შემდეგ აჭარაში დაამკვიდრა საეკლესიო წყობილება. შემდგომ სვიმონმა და მატათამ კვლავ იმოგზაურეს და იღვაწეს საქართველოში და აქვე აღესრულენ (სვიმონი - ათონში, მატათა - გონიოში)

ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას ამ კუთხეში ხელს უწყობდა მისი აქტიური კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთთან. აჭარაში იმთავითვე ფართოდ გაიშალა საეკლესიო მშენებლობა, რომაელთა ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. პირველი ტაძარი დღევანდელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მთავარანგელოზის სახელზე აიგო, რომლის ერთ-ერთ ქვაზე წერია: „აქ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ ააგეს პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში“.

არქეოლოგიური გათხრებით და სხვა გამოკვლევებით დასტურდება, რომ ამ კუთხის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობდა ქრისტიანული სალოცავები. ამის დასტურია ისიც, რომ რეგიონში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა საეკლესიო ცენტრები: სხალთის - IV საუკუნეში, პეტრას (ციხისძირის) - VI საუკენეში, ხინოს- IX საუკუნეში, ტბეთის - X საუკუნეში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აჭარაში მყოფ მოგზაურ-მკვლევართა ჩანაწერები ადასტურებენ, რომ შუა საუკუნეების აჭარისწყლის ხეობის თითქმის ყველა სოფელში მოქმედებდა ქრისტიანული სალოცავები. მარტო ზ. ჭიჭინაძის მონაცემებით, აჭარის სოფლებში 100-მდე ეკლესიაა აღრიცხული, თუმცა ჩვენს დრომდე სრული სახით მხოლოდ სხალთის ეკლესიამ მოაღწია.


სხვა რელიგიური კონფენსიები აჭარაში

ისლამი საქართველოში - სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგია თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე არაბთა დაპყრობების ეპოქიდან. საქართველოში 433.784 მუსლიმი მოქალაქეა. ისლამი ქვეყანაში მრავალეროვნულია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ (მათ შორის არიან როგორც შიიტები ასევე სუნიტებიც), ნაკლებად მრავალრიცხოვანები ჩეჩენი ქისტები, მესხი თურქები, რაც შეეხება აჭარის რეგიონს, მაჰმადიანი ქართველების რაოდენობა აქ მოსახლეობის 25% პროცენტს შეადგენს. ქართველების გამაჰმადიანება ოსმალთა იმპერიის 300 წლიანი ბატონობის შედეგია, თუმცა მაჰმადიანმა ქართველებმა უძველესი ქართული ტრადიციები და ქართული ენა უცვლელად შეინარჩუნეს და დედასამშობლოსთან შემოერთების შემდეგ (1878 წლიდან) თანდათანობით ისტორიულ რელიგიას - მართლმადიდებლობას დაუბრუნდნენ. განსაკუთრებით გაძლიერდა მართლმადიდებელი ეკლესია 1990-იანი წლების შემდეგ. დღეს აჭარაში სრულიად ჰარმონიულად თანაარსებობს ისლამისა და მართლმადიდებლობის მიმდევრები, ქრისტიანული და მაჰმადიანური სალოცავები. უფრო მეტიც, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ბათუმი, შესაძლებელია თითქმის ყველა დიდი რელიგიის საკულტო ძეგლების ხილვა. აქ ოდითგანვე მშვიდობით თანაცხოვრობდნენ ებრაული, კათოლიკური, სომხური, მართლმადიდებლური და მაჰმადიანური რელიგიის წარმომადგენლები.

//