goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


შუახევის მუნიციპალიტეტი

სოფ. ოქროპილაური, თამარის ციხე (XI-XII ს.ს.)

შუახევის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა ნაწილში, მისი შენაკადების ჩირუხისწყლის, უჩამბისწყლისა და ჭვანისწყლის გასწვრივ. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით თურქეთი, აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი და ქობულეთის მუნიციპალიტეტი. შუახევის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობია - 588 კმ2.

შუახევის რაიონი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა 1952 წელს. ამჟამად ის მუნიციპალიტეტია და მის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 9 თემი, 43 სოფელი და 25 დასახლებული უბანი. მოსახლეობა 22.600 კაცია.

შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალი მთებია: ხევა (2.812 მ) შავშეთის ქედზე და თაგინაური (2.662 მ) მესხეთის ქედზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უამრავი წიაღისეული მოიპოვება. ასევე, უხვადაა მინერალური წყლები: შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბის და სხვა. სოფელ ტომაშეთის მიდამოები ცნობილია გოგირდწყალბადიანი თერმული წყლებით, რომელთა ტემპერატურა 30 oC–ს აღწევს.

ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, მგელი, მელა, დათვი, მაჩვი, ტურა, კვერნა. გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვა.

შუახევის მუნიციპალიტეტის ფლორა საკმაოდ მდიდარია (მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერი). მუნიციპალიტეტის ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით.

შუახევში განვითარებულია სოფლის მეურნეობის შემდეგი დარგები: მებოსტნეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა.

სოფლის მეურნეობა შუახევის ეკონომიკის მთავარ დარგს წარმოადგენს. აქაური მასპინძლები გულუხვი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათი სოფლის ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. შეგეძლებათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული ადგილობრივი კერძები.

გაეცნობით ხალხური რეწვის ისეთ სახეებს, როგორიც არის ხის მერქნით დაწნული ნივთების დამზადება, ხის და ქვის დამუშავება, სამუშაო ინსტრუმენტების დამზადება, რთვა-ქსოვა და გაიცნობთ ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტის ჭიპონის დამზადების უკვე იშვიათ ხელობას. შუახევი ტიპიური მთიანი მუნიციპალიტეტია. სოფლებს გარს არტყია დაბალი და საშუალო მთები, რომლებიც შემოსილია მრავალფეროვანი ტყეებით. სტუმარს შეუძლია ფეხით მოიაროს ახლომდებარე ტყეები, სეზონზე ინადიროს გარეულ ღორზე, კურდღელზე და მაჩვზე.

აქ თავისუფლად შეიძლება ისიამოვნოთ ისეთი გასართობებით როგორიცაა ჰაიკინგი, ცხენოსნობა, ველოსიპედით გასეირნება და კლდეზე ცოცვა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში, ტაკიძეებში, ზამლეთსა და გორხანაულში ფუნქციონირებს ტურისტული მეურნეობები, რომელთა მეპატრონეებს ტურისტების მასპინძლობის უკვე კარგა ხნის გამოცდილება აქვს.

//