goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ქობულეთის მუნიციპალიტეტი

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის რაიონი, სამხრეთით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი შავი ზღვა აკრავს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოიცავს 1 საქალაქო, 2 სადაბო და 11 სასოფლო საკრებულოს. მოსახლეობა შეადგენს 94.602 კაცს, მათგან 94,7% ეთნიკურად ქართველია. მოსახლეობის სიმჭიდროვე კი 1 კვ. კმ-ზე 123 კაცია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 711,8 კვ. კმ-ს. მისი ცენტრი ქ. ქობულეთი განფენილია უშუალოდ შავი ზღის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მ-ის სიმაღლეზე. ზღვისპირა ზოლის სიგრძე 24 კმ-ია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 2.500-3.000 მმ-ს უდრის. მაქსიმუმი მოდის სექტემბერზე, ხოლო მინიმუმი - მაისზე. ჰაერის საშუალო ტემპერატურა + 13-15 C გრადუსია. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია ნიადაგების მრავალფეროვნება.

ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს, რომელიც რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის საკურორტო ადგილები, როგორიცაა ციხისძირი და ჩაქვი. უნიკალურია ციხისძირის ჰავა, რომელიც ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს და თვისი მშვიდი გარემოთი გამორჩეულია დასასვენებლად. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. ბათუმიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარე საკურორტო ადგილი ჩაქვი ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯონ ჯიაომ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და ღირშესანიშნაობებით. აქ მრავლად შეხვდებით როგორც უძველეს ეკლესია-მონასტრებს, ასევე ციხე-სიმაგრეებსა და თაღოვან ხიდებს. საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ქობულეთ-ფიჭვნარი, სადაც ვრცელ ტერიტორიაზე (დაახლოებით 100 ჰექტარი) შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წ. II-I ათასწლეულების შუა და ელინისტური ხანის მძლავრი კულტურული ფენები.

//