goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ქედის მუნიციპალიტეტი

სოფ. მახუნცეთი, მახუნცეთის ჩანჩქერი

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ქობულეთი ესაზღვრება (38 კმ. სიგრძეზე), აღმოსავლეთით შუახევი (24 კმ. სიგრძეზე), დასავლეთით ხელვაჩაური (24 კმ. სიგრძეზე), სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთის ქედი.

ქედის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ. კმ-ია. მოსახლეობა 21,2 ათასი კაცი. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედა მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე. ყველაზე მაღალი მწვერვალია ყანლი (2.987 მეტრი).

ქედაში ხშირად სტუმრობენ მახუნცეთის ჩანჩქერს, სადაც განლაგებულია რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა. განვითარებულია საკალმახე მეურნეობა (ოქტომბერი, აგარა, წონიარისი, ცხმორისი).

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით - სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია "კოკოტაურისა" და "გუნდაურის" სამკურნალო მინერალური წყლები. "კოკოტაურს" მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.

მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუპტროპიკული ჰავაა. სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ნოტიო ხდება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია, როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება. მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეული საფარი. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და მცირე რაოდენობით წიწვოვანი მცენარეები. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.

//