მთიანი აჭარის ეს ულამაზესი კუთხე გამორჩეულია, როგორც ბუნების სიმდიდრით, ისე კულტურული ღირშესანიშანაობებითა და ისტორიული წარსულით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. ხულოს ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალი ყანლის მთა - 3.007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2.646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1 oC, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა - 1.000-1.200 მმ.
ხულოს მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ადიგენის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო, მუნიციპალიტეტში შედის 1 დაბა, 12 თემი და 78 სოფელი.
მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. ხულოს ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი მწვანე ტბა.
ხულოს ტერიტორიაზე არის მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. ხულო მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.
საქართველოს ისტორიის უძველესმა წყარომ „ქართლის ცხოვრებამ“ ერთი მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტი შემოინახა: უფლის ამაღლების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ანდრია პირველწოდებული გამოარჩია და თან მცველად თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ტრაპიზონის მხარის მცხოვრებთა მოქცევის შემდეგ აჭარაში დაამკვიდრა საეკლესიო წყობილება. ღვთისმშობლის ხატი ანდრია პირვეწოდებულს სოფელ დიდაჭარაში დაუსვენებია და აქ აუგიათ პირველი ქრისტიანული ტაძარი მთავარანგელოზის სახელზე, რომლის ერთ-ერთ ქვაზე წერია: „აქ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ ააგეს პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოშო“. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა თარანგილოს (მთავარანგელოზის) მთას უწოდებს.
