goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალს ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე. მტირალას ეროვნული პარკი დაარსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2006 წელს. მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების სიუხვით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრია და ყველაზე ნალექიანი ადგილია ჩვენს ქვეყანაში (4.520 მმ). სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - "მტირალა".

მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს.

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად. აქ აღირიცხება 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობის მცენარე. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercus potica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), ეპიგეა (Epigaea gaultheriodes), კოლხური ბზა (Buxus colchica), კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), უთხოვრი (Taxus baccata), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa), კოლხური თხილი (Corylus colchica), კაკლის ხე (Juglans regia).

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია 95 სახეობით. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება: მურა დათვი ცხოველთა 23 სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეტანილი, ესენია: ფოცხვერი, მურა დათვი, კავკასიური ციყვი, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა და პეპლები - აპოლონი და კავკასიური ზერინთია.

შედარებით დიდი ზომის ფრინველებიდან გვხვდება: ჩია არწივი, ძერა, ირაო, ქორი და სხვა.


მტირალას ეროვნული პარკის მნიშვნელობა

პარკს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება - იგი ხელს უწყობს ქობულეთი-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რაც ეროზიულ-მეწყერული მოვლენების განვითარებისა და წყალმოვარდნების თავიდან აცილების საწინდარია. ეროვნული პარკის ეკოლოგიურად სუფთა გარემო ასევე ქმნის იდეალურ პირობებს სასმელი წყლის მარაგის სტაბილურობისა და სისუფთავისათვის.

ასევე, მტირალას ეროვნული პარკი ეკოტურიზმის განვითარების შესანიშვან შესაძლებლობებს იძლევა.


ისტორიულ-კულტურული ღირებულება

ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით გამოირჩევა მტირალას მონაკვეთში მდებარე სოფ. ჩაქვისთავი, რომელიც მოშორებულია დასახლების ძირითადი ზონისგან და გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიით. აქ დღემდე შემორჩენილია ტრადიციული არქიტექტურული ელემენტები, ძველი შენობა-ნაგებობები და წყლის წისქვილები.


შესაძლო აქტივობები: ლაშქრობა, რეკრეაცია, სამეცნიერო დაკვირვება, სამთო ველოსიპედით/ცხენით/კვადროციკლით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება



სასარგებლო ბმული: მტირალას ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორიების სააგენტო.

//