- მდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი (კინტრიშის ხეობა)
- საერთო ფართობი: 13.893 ჰა
- მანძილი ბათუმიდან: 55 კმ
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ. კინტრიშის ულამაზეს ხეობაში, ზღვის დონიდან 2.500 მ-ზე და იგი მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს (ფართობი 10.703 ჰა) და კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს (ფართობი 3.190 ჰა). კინტრიშის ხეობა ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. მთიანი რელიეფი ღრმა ხეობითაა დაფარული.
კინტრიშის ნაკრძალის მცენარეულობა ხასიათდება ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, რაც ძირითადად გამოწვეულია მათი ზრდისა და განვითარების ბუნებრივი (რელიეფი, ჰავა, ნიადაგი და სხვ.) პირობების ნაირგვარობით. ნაკრძალის ძირითადი ტერიტორია ტყით არის დაფარული, დაახლოებით 92%, რაც 12.850 ჰა-ს უტოლდება.
ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩამოედინება მდინარეები: მდ. კინტრიში და მდ. ხეკნარა. ნაკრძალის მდინარეები თავისი შენაკადებით, ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული წყაროები საუკეთესო საშუალებაა ნაკრძალის მობინადრე ნადირ-ფრინველთათვის წყლით უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია ტბა „ტბიყელი“, რომელიც ზღვის დონიდან 1.900-2.000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბას მოგრძო ოვალური ფორმა აქვს. მისი მაქსიმალური სიღრმე 8-10 მ-ია. იგი საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობი და გრუნტის წყლებით. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა.
კინტრიშის სახელწიფო ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კოლხური ფლორის ელემენტებით. მათგან აღსანიშნავია აღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, აღმოსავლეთის ნაძვი, მედვედევის არყი, შავი მურყანი, თელა, იფანი, კავკასიური ხურმა, მთის ნეკერჩხალი, რელიქტური უნგერნის შქერი, ბზა, ჭნავი, მოცვი, იელი, მაყვალი, დეკა, თხილი პანტა, მაჟალო და სხვა.
წითელი ნუსხის სახეობა - Bucsus colchica - კოლხური ბზა რელიქტური სახეობაა, კოლხეთის ძვირფასი ფლორისტული ელემენტია, მისი სიმაღლე 15-16 მ-ს აღწევს, დიამეტრი - 16-32 სმ, ასაკი - 250 წლამდე. Taxus baccata - უთხოვარი მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობა ასევე შეტანილია საქართველის „წითელ ნუსხაში“.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ფაუნის ბინადართაგან აღსანიშნავია: არჩვი, შველი, დათვი, ტურა, მგელი, ფოცხვერი, კვერნა, მაჩვი, ციყვი და მრავალი სხვა.
ისტორიულ - კულტურული ღირებულება
მდინარე კინტრიშზე მდებარეობს თაღოვანი ხიდი, რომელიც ოდითგანვე იყო ხინო-ქობულეთის დამაკავშირებელი, ამ ნაგებობას უკვე არქიტექტურული ხელოვნების აყვავება-აღმავლობის და ქვით მშენებლობის განვითარების მეორე პერიოდს ანუ XI-XII საუკუნეს აკუთვნებენ და რუსთაველის ეპოქის ძეგლად თვლიან.
შესაძლო აქტივობები: ლაშქრობა, ცხენოსნობა
სასარგებლო ბმული: დაცული ტერიტორიების სააგენტო