goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


არქიტექტურა

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

აჭარა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში. სწორედ ამაზე მეტყველებს აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ციხესიმაგრეების, საკულტო ნაგებობებისა და ქვისთაღოვანი ხიდების ნაშთები. ვინაიდან აჭარა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენდა, იყო მოთხოვნა გამაგრებითი, თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობისა. ასეთია გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები. ბათუმის აღმოსავლეთ შესასვლელში მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროსთან მდებარეობს ბათუმის, ანუ თამარის უძველესი ციხე-სიმაგრე. ამ ადგილებში არქეოლოგიური გათხრები ყოველწლიურად მიმდინარეობს. ამავდროულად, აჭარაში მრავლადაა გვიანი შუა საუკუნეების ციხეები (გულების, ზენდიდის, ბეგოშვილების, კავიანის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეები). ოსმალთა ხანგრძლივი ბატონობის დროს მრავალი ტაძარი დაინგრა, გადარჩენილ ეკლესიებს შორის გამოირჩევა სხალთის მონასტერი ხულოში.

საპორტო ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბათუმში განსაკუთრებით მომრავლდა არქიტექტურულად მდიდარი შენობები, ისეთები როგორიცაა ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ყოფილი კათოლიკური ეკლესია), ბათუმის ფოსტის შენობა, ზღვისპირა ბულვარის კოლონადები, არქიტექტორთა სახლი, საზაფხულო თეატრი. ქალაქის განაშენიანების პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპელი არქიტექტორებიც. ძველი ქალაქი ძირითადად ორ და სამ სართულიანი შენობებით გამოირჩეოდა, ამავდროულად თითოეული შენობის არქიტექტურული იერი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ქალაქის იერსახეს. იგივე ტენდეცია შეინიშნება თანამედროვე ბათუმის არქიტექტურაშიც. ახალი არქიტექტურული ნიმუშები - ანბანის კოშკი, ბათუმის იუსტიციის სახლი, სასტუმრო რედისონი თუ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები მართლაც რომ გამოირჩევიან თანამედროვეობითა და ორიგინალობით. სამომავლოდ რეგიონში არაერთი თანამედროვე არქიტექტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

//