goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში

უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში

ახალი წლის დღეებში და ზამთრის პერიოდში შიდა ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმის ტურისტულ სააგენტოსთან ერთად სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

27 დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით რეგიონის სასტუმროებში. პროექტი „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი: www.batumievents.com და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.

ახალი წლის აღსაღნიშნავად 27 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის პირველად აჭარაში ევროპის მოედანზე მოეწყობა ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფები: „შინი“,„მგზავრები“, „ფრანი“, „Goofy Land“, „Svansikh“, მუსიკოსი ვაჟა ტუღუში, რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები და სხვა საინტერესო შემსრულებლები.

საახალწლო უფასო კონცერტებს 11 იანვარს დაასრულებს ცნობილი უკრაინული ჯგუფი "ვია გრა".

//