11-14 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ ტუროპერატორებს უმასპინძლა. ტუროპერატორები გაეცნენ რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, დაათვალიერეს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, ქართულ სამზარეულოსთან ერთად გაეცნენ რეგიონის ფოლკლორს, შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან.
ადგილზე ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს რეგიონში ტურისტების მოსაზიდად.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის მიზნობრივ ბაზარს წელს ლიტვის ტურისტული ბაზარიც დაემატა. გარდა ლიტვაში სარეკლამო კამპანიისა, დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ჩაატარა საინფორმაციო ტური ტუროპერატორებისათვის და უახლოეს მომავალში გეგმავს ლიტველი ჟურნალისტების მასპინძლობას.
