goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აჭარა ბელორუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2015

აჭარა ბელორუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2015

8-11 აპრილს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბელორუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „Leisure 2015“-ზე იყო წარმოდგენილი. 4 დღის მანძილზე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურად აღმართული სტენდი ხალხმრავლობითა და ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის სტენდთან სტუმრებს შეეძლო ღვინის და ხაჭაპურის დაგემოვნება, ასევე სპეციალურად მინსკის გამოფენისათვის შექმნილი ტრადიციული აჭარული სამოსის ტანტამარესკებთან ფოტოების გადაღება. 10 აპრილს, „ბელექსპოს“ საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია „აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის“ შესახებ, რომელშიც ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდნენ ბელორუსიული ტუროპერატორი „СТС ВОЯЖ“ და ტურისტული კომპანია „CAPITAL GEORGIA TRAVEL” -ის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელორუსიის რესპუბლიკაში ბატონი გოჩა ჭელიძე და პირველი მდივანი ირაკლი მესხელი, ბელარუსის ეროვნული ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე სვეტლანა გავრიილოვა, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, 80-ზე მეტი ტუროპერატორი, ტურაგენტი და ჟურნალისტი.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა გათამაშება, რომელშიც გამარჯვებულს გადაეცა ქართული ღვინო და დაჯილდოვდა კომპანია „СТС ВОЯЖ“-ის ტრადიციული ქართული სუვენირებით და საქართველოში სამოგზაურო ტურით. გამოფენაზე აჭარის რეგიონით დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოზე უკვე აქტიურად მომუშავე, ისე ახალმა ტურისტულმა სააგენტოებმა.

მინსკის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ბელორუსიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ღვინის კომპანია „თბილღვინო“ და ტანტამარესკების ტრადიციული სამოსის შემქმნელი ქართული კომპანია „სამოსელი პირველი“.

ბელორუსია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდის მიზნით ფართო მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. 2015 წლის სეზონისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტში უკვე დაწყებულია პიარ-აქტივობები. კერძოდ, 6 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით განხორციელდება გარე რეკლამა მინსკის ცენტრალურ ადგილებში, მეტროში და რადიო რეკლამა 2 წამყვან რადიო სადგურზე. ამავდროულად , დაგეგმილია პრეს და ინფო ტურები.

//