goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


10 ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

10 ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ


ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და ა.შ. ასევე წარმოადგენს აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს.

გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები, აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.

-

და აი ისიც, 10 უგემრიელესი ადგილობრივი კერძების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აჭარაში სტუმრობისას:

10. აჭარული ყველი

აჭარაში ყველის ბევრინაირი სახეობაა გავრცეებული, ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.

აჭარული ყველი

9. კაიმაღი

კაიმაღი აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის მოსახლეობაში. კაიმაღი რძის პროდუქტებისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.

კაიმაღი

8. ბორანო

ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია, იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა, მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა, მაგრამ ნებისმიერი წესით დამზადებულ ბორანოს ერთი საერთო ნიშანი-უგემრიელესი გემო ახასიათებთ.

ბორანო

7. მალახტო

მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს - ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.

მალახტო

6. იახნი

იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ბევრ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.

იახნი

5. აჩმა

აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. აჩმა აჭარული კულინარიის შესანიშნავი ნიმუშია და მისი მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა.

აჩმა

4. ყავა ქვიშაზე და ბაქლავა

ყავა ქვიშაზე, იგივე "ყავა ბათუმურად" ჩვენ ქალაქს განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვის პირას მიირთმევთ. ამბობენ, ბათუმში მორთმეულ ყავას სულ სხვა სურნელი და ხიბლი აქვსო.

ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქვულ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაქლავის მოსამზადებლად ცხობის პროცესიც. ღუმელიდან გადმოღებულ, რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს უხვად ასხამენ სიროფს, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა და შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

ყავა ქვიშაზე და ბაქლავა

3. აჭარული ღვინო

აჭარაში მევენახეობის ისტორიეულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბათუმიდან 43 კმ-ში მდებარეობს. აჭარაში ყველაზე პოპულარული ღვინის სახეობებია ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (ვარდისფერი). აჭარაში ღვინის ტურიზმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ ბმულზე.

აჭარული ღვინო

2. სინორი

სინორი გამორჩეულად ნოყიერი აჭარული კერძია, მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბო დაგჭირდებათ, რომლებსაც ოსტატურად შეურევთ ერთმანეთს და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელს კერძს მიიღებთ.

სინორი

1. აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.

აჭარული ხაჭაპური

-

გააქვთ რაიმე დასამატებელი? გაგვიზიარეთ Facebook-ზე: Visit Batumi.

//