goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მარკეტინგული ღონისძიებები პოლონეთში

მარკეტინგული ღონისძიებები პოლონეთში

აჭარაში პოლონელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს პოლონეთი კვლავ მნიშვნელოვან სამიზნე ტურისტულ ბაზრად რჩება რეგიონისათვის. აპრილის თვიდან სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარა-ბათუმის პოპოულარიზაცია ერთდროულად პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი, ჩესტოხოვა, გლივიცე. რეკლამების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ასევე სილეზიის რეგიონის ქალაქებს : ზაბჟე, ტიხი, ჩელადზ, მისლოვიცე და სხვა.

გარდა გარე რეკლამებისა, აღნიშნულ ქალაქებში მოხდა ავტობუსების ბრენდირება ბათუმის ფოტოებით (60 ავტობუსი), განთავსდა სარეკლამო რგოლები ქალაქების ფიტნეს ცენტრებში (61 ფიტნეს ცენტრი, 152 ეკრანი). 10 მარტიდან 18 აგვისტომდე კი ხორციელდება ინტერნეტ რეკლამა პოპულარულ პოლონურ საიტზე interia.pl-ზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტუროპერატორთან "Rainbow Tours"-თან, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან ჩარტერულ ფრენებს კვლავ განაახლებს.

"Rainbow Tours"-ის ორგანიზებით ბათუმში ჩარტერული ფრენები ვარშავიდან, კატოვიცედან და პოზნანიდან განხორციელდება. ფრენები ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე კვირაში ორჯერაა დაგეგმილი.

დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ასევე პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, წელს 3 ასეთი გამოფენაა დეგეგმილი, მათგან მონაწილეობა უკვე მივიღეთ კატოვიცეს ტურისტულ სალონში, შემოდგომაზე პოზნანისა და ვარშავის ტურისტულ გამოფენებზე ვიქნებით წარდგენილნი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ორგანიზებას გაუწევს ასევე საინფორმაციო ტურებს, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა პოლონეთის წამყვანი მედიის და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ზაფხულის სეზონამდე პოლონურ მედია საშუალებებში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები და სიუჟეტები მომზადდება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით რეგიონის სასტუმროებში 29,1%-ით მეტი პოლონელი ტურისტი იმყოფებოდა. 2015 წლის სეზონზე "Rainbow Tours" ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

//