აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მოწვეული საკრუიზო ტურიზმის ექსპერტის - პიტერ უაილდის ვიზიტი გრძელდება. დღეს ბრიტანელი ექსპერტი თავის ჯგუფთან ერთად მოინახულებს იმ ღირშესანიშნაობებს, რომელთა ხილვაც ბათუმში საკრუიზო მოგზაურობის ფარგლებშია შესაძლებელი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მუზეუმები, გონიოს ციხესიმაგრე, მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი ის ღირშესანიშნაობებია, რომელთა გაცნობა მნიშვნელოვანია მიმზიდველი საკრუიზო ტურის შესაქმნელად.
დიდ ბრიტანეთის შპს „G. P. Wild International“-ის წარმომადგენელი პიტერ უაილდი ბათუმში ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ბრიტანელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია რეგიონში საკრუიზო ტურიზმის სფეროს არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზის შედეგად მისი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
აღსაღნიშნავია, რომ ბრიტანულ შ.პ.შ „G. P. Wild“-ს ამ საკრუიზო ტურიზმში უდიდესი გამოცდილება გააჩნია. მათ შემუშავებული აქვთ ამ დარგის განვითარების სტრატეგიები ევროპის საკრუიზო დანიშნულების ისეთი ქალაქებისათვის, როგორებიცაა დუბროვნიკი, ოდესა, მონაკო, კარტახენა. მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული ბრიტანეთის საპორტო ქალაქების - ლივერპულის, ედინბურგის, ჰალის, ასევე შოტლანდიისა და უელსის საკრუიზო ბიზნესის განვითარებაში.
საერთაშორისო ექსპერტი ტურიზმის დარგში უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს როგორც ტურიზმის კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
