goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აზერბაიჯანის მე-14 საერთოშორისო ტურისტული გამოფენა - AITF 2015

აზერბაიჯანის მე-14 საერთოშორისო ტურისტული გამოფენა - AITF 2015

2-4 აპრილს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას ღებულობს ბაქოში გამართულ მე-14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2015". აჭარის სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ მრავალფეროვანი სარეკლამო მასალების გაცნობისა და აჭარაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.

"AITF 2015" საგამოფენო კომპლექსში "BakuExpo Center" იმართება. გამოფენაზე 42 ქვეყნიდან 371 ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი. ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარადგენენ. გამოფენის მხარდამჭერებია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სამინისტრო, მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციების ასოციაცია (UNWTO), აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაცია და ტურისტული გამოფენების ასოციაცია. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია "Iteca Caspian LLC" და მისი ბრიტანული პარტნიორი კომპანია "ITE Group plc".

აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი გარდა გამოფენაში მონაწილეობისა, აზერბაიჯანში 1 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. კამპანია მოიცავს გარე რეკლამასა და ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით.

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ასევე საინფორმაციო ტურების ორგანიზება აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

აჭარის რეგიონში გასულ წელს აზერბაიჯანის მიმართულებით 29,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2013 წელთან შედარებით. წლევანდელ სეზონზე ბაქო-თბილისის მიმართულებით მატარებლის ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება გამოცხადდა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეზობელი ქვეყნიდან ტურისტთა ნაკადის ზრდას.

//