4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ბელორუსი ტუროპერატორები სტუმრობენ. ისინი დაათვალიერებენ სასტუმროებს, ტურისტულ ობიექტებს და შეხვდებიან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს თანამშრომლობის დასამყარებლად.
ბელორუსიიდან ბათუმისადმი დიდ ინტერესს ბოლო წლების ტურისტული სტატისტიკაც ცხადყოფს. სწორედ ამიტომაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანას ბელორუსია წარმოადგენს. ბელორუსიაში მიმდინარე წელს სხვადასხვა სარეკლამო აქტივობა განხორციელდა. ტუროპერატორების ვიზიტიც მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა.
მორიგი აქტივობა ბელორუსიიდან პრესისა და ინტერნეტ პორტალების წარმომადგენლების ვიზიტია, რომელიც 8 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბლოგერები და ჟურნალისტები რეგიონის პოპულარიზაციისათვის სპეციალურ სტატიებს გამოაქვეყნებენ.
სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ბელორუსიაში 2014 წლის მანძილზეც გაგრძელდება.