24 მარტიდან 26 მარტამდე, ქალაქ სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლეში, ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმრათველთა 28-ე კონგრესი გაიმართა. აღნიშნული კონგრესის ფარგლებში, ევროპის სასახლის ჰოლში, აჭარის რეგიონის შესახებ სპეციალური სტენდი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ევროსაბჭოს დელეგატებს. სტენდზე შესაძლებელი იყო აჭარის ტურისტული, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების გაცნობა, ისევე როგორც რეგიონის შესახებ სარეკლამო ხასიათის ვიდეო რგოლების ხილვა და ინფორმაციის მოპოვება.
25 მარტს, რეგიონის წარდგენის ოფიციალურ მიღებაზე ევროსაბჭოს წევრებს მიესალმა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე და კონგრესის პრეზიდენტი ბატონი ფრეკონი. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს. ევროპის საბჭოს სასახლეში აჭარის რეგიონის მსგავსი სახით წარდგენა პირველად მოხდა.
ქართული რეგიონის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა ევროპის საბჭოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების არსებობის პირობებში. პრეზენტაციის მიზანი იყო აჭარა-ბათუმის, როგორც თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახის წარმოჩენა და რეგიონის ცნობადობის ამაღლება.
