2-დან 5 ოქტომბერის ჩათვლით ქ. ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში, „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და კულტურული ცენტრი „პერსონაჟი“ ატარებს ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალს "თოფუზი". საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 43 ქვეყნის 115 ფილმი.
ფილმების ჩვენება გაიმართება: ბათუმში: კინოთეატრ „აპოლოში“ და ხელოვნების უნივერსიტეტში ; ხულოს დრამატულ თეატრში და ქობულეთის მუნიციპალურ კინოთეატრში.
ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება უორქშოფი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“. ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებს საშუალება ექნებათ 3 დღის განმავლობაში გაეცნონ ანიმაციის ტექნოლოგიებს და მიიღონ მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაში.
სასტუმრო „პრეზიდენტ პალასში“ გაიმართება მასტერკლასები „შეხვედრა ავტორებთან“. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ 2012 წელს „თოფუზის“ გამარჯვებულებს.
„ფრანგული ინსტიტუტი“ და „თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი“, ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს ანიმაციური ფილმების პროგრამებს ფორმატში „კინო ღია ცის ქვეშ“.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი; თელავის მუნიციპალიტეტი; ქუთაისის მერია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ხობის მუნიციპალიტეტი; ბორჯომის მუნიციპალიტეტი; შ.პ.ს. „მიფასი“.