goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


აჭარა კატოვიცეს აეროპორტის ყოველწლიურ მიღებაზე

აჭარა კატოვიცეს აეროპორტის ყოველწლიურ მიღებაზე

2015 წლის 22 იანვარს, ქალაქ კატოვიცეში, პოლონეთის რადიოს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის შენობაში კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტის ყოველწლიური მიღება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა აეროპორტის პარტნიორი ორგანიზაციები: ავია კომპანიები, ტურ-ოპერატორები, კომერციული ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები. ოფიციალურ სტუმრებს შორის იყვნენ სილეზიის მარშალი და ქალაქ კატოვიცეს მერი.

2015 წლის კატოვიცეს აეროპორტის გალა-მიღების თემა საქართველო, მისი კულტურა, მუსიკა და ხელოვნება იყო. საღამო გაიმართა საქართველოს საელჩოს პატრონაჟით.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე წელია საქართველო გახდა კატოვიცეს აეროპორტისათვის ერთ-ერთი წამყვანი დესტინაცია "WIZZAIR"-ის მიერ ქუთაისის მიმართულებით განხორციელებული რეგულარული ფრენების წყალობით. კატოვიცეს აეროპორტიდან ხორციელდება ასევე სეზონური ჩარტერული ფრენები უმსხვილესი პოლონური ტურისტული კომპანიების RAINBOW TOURS-სა და ITAKA-ს მიერ.

ცერემონია გახსნა აეროპორტის პრეზიდენტმა ბატონმა არტურ ტომასიკმა, რომელმაც შეაჯამა 2014 წლის აეროპორტის მუშაობა და ისაუბრა 2015 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი მარცინ მელერი, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი წიგნი საქართველოზე „გაუმარჯოს“.

მიღების ოფოციალურ ნაწილში სიტყვით გამოვიდა პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ბატონი თარაშ პაპასკუა, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი პოლონეთში ბატონი მიშელ ჟანოვსკი.

ოფიციალური ნაწილი ქართულ-პოლონური კონცერტით გაგრძელდა. სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტრადიციული ქართული კერძებით, რომელიც ამ საღამოსთვის სპეციალურად დამზადდა ვარშავის ქართულ რესტორანში "თბილისი".

//