goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმი - ჩაქვისთავი

ბათუმი - ჩაქვისთავი
ბათუმი - ჩაქვისთავი ბათუმი - ჩაქვისთავი ბათუმი - ჩაქვისთავი ბათუმი - ჩაქვისთავი ბათუმი - ჩაქვისთავი
მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

მდებარეობა:  ბათუმიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 350 მ სიმაღლეზე.

სეზონი: ზაფხული, შემოდგომა.

ჩაქვისთავი მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე, რომელიც მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით.

ქობულეთიდან ჩაქვისთავის მიმართულებით, ბათუმის გზატკეცილზე, სოფელ ციხისძირში, ქობულეთიდან 5კმ-ის, ხოლო ჩაქვისთავიდან25კმ-ის დაშორებით მდებარეობს პეტრას ციხე.  ჩაქვისთავში ნახავთ მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრს, სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მტირალას ეროვნული პარკის შესახებ. მტირალასაკენ მიმავალ გზაზე, დაბა ჩაქვის ცენტრში, შეგიძლიათ შეიაროთ "თაფლის სახლში" და ადგილობრივი თაფლი დააგემოვნოთ. ქობულეთიდან ჩაქვისთავის ცენტრამდე მიმავალ გზაზე გვხვდება რესტორანი, სადაც შესაძლებელია გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება.

მტირალას ეროვნული პარკი ზღვის დონიდან 1.381 მეტრზე მდებარეობს. იგი ყველაზე უხვნალექიანი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში.

მტირალას ეროვნულ პარკში პირველი ტურისტული მარშრუტი სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს. ბილიკი მიუყვება მდ. ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს, ბილიკზე შეხვდებით საქართველოს წითელ  წიგნში შეტანილ კოლხური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს: მურა დათვს,  კვერნას,  მელას, მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვს, მტრედს, მცენარეებს - ქართულ ნიგოზსა და კოლხურ თხილს. ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი - ჭადრების ჩრდილში მოქცეული ვაკე, რომლის ახლოს მთის წყარო და ნაკადული მოედინება. საპიკნიკე ადგილიდან 400 მეტრის დაშორებით, ბილიკის სამხრეთ-დასავლეთით მოედინება კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება.

ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, კლდეებს შორის მიმავალი მდინარე გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად გადაიქცევა, აქვე ახლოს არის საპიკნიკე, ცეცხლის დასანთები და საკარვე ადგილები.

ტბიდან ვიზიტორთა ცენტრისაკენ მომავალ ბილიკზე ტურისტები მოინახულებენ ძველი ნასახლარის ნანგრევებსაც. მტირალას მთაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა.

პარკის ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობების თავშესაფრად. აქ აღირიცხება 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობის მცენარე, რომელთაგან 16 სახეობა ენდემურია. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია 95 სახეობით. ცხოველთა 23 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

აქტივობები: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ველოსიპედით გასეირნება, ცხენზე ჯირითი, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად).

ტრანსპორტი:

  • სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ჩაქვისთავი" გადის ბათუმის ავტოსადგურიდან, ოთრშაბათობითა და პარასკეობით 16:00 სთ-ზე. მგზავრობის ფასი 3 ლარი.
  • ასევე შესაძლებელი მგზავრობა სამარშრუტო ტაქსით "ბათუმი-ქობულეთი"/"ბათუმი-ჩაქვი" ჩაქვის ცენტრამდე  შემდეგ კი დაბა ჩაქვის ცენტრიდან სოფ. ჩაქვისთავამდე ისარგებლეთ ტაქსით. ტაქსის ღირებულება საშუალოდ 30-40 ლარია.
  • სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ქობულეთი"/"ბათუმი-ჩაქვი" გადის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან (ბაქოს და შევშეთის ქუჩების კვეთა) ყოველდღიურად, ყოველ 30 წთ. ერთხელ, მგზავრობის ფასი 1 ლარი.

//