goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმი - მაჭახელას ხეობა

ბათუმი - მაჭახელას ხეობა
ბათუმი - მაჭახელას ხეობა ბათუმი - მაჭახელას ხეობა ბათუმი - მაჭახელას ხეობა ბათუმი - მაჭახელას ხეობა ბათუმი - მაჭახელას ხეობა
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მდებარეობა: ბათუმიდან 35 კმ დაშორებით, ზღვის დონიდან 330 მ სიმაღლეზე.

სეზონი: ზაფხული, შემოდგომა.

მაჭახლის ხეობას 2012 წლიდან ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა. ის ბათუმიდან სამხრეთით 19 კმ-ის მანძილზე მდებარე გადასახვევიდან და ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 3 კმ-ში მდებარეობს. ხეობის დასაწყისიდან ცხემლარას ხიდამდე 10 კმ-ია. ტურისტებს შეუძლიათ სოფლებში ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით სეირნობა. მაჭახელას ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია (სიგრძე - 25 მ; სიგანე - 2 მ); აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახელას ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ.

ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო სახელოსნოები მდებარეობდა, რომლებშიც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად იჭედებოდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც. მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელას - შესართავებთან დგას თოფ "მაჭახელას" მონუმენტი, აქვე, სოფელ ზემო ჩხუტუნეთში გახსნილია ექსპონატებით მდიდარი მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი; მაჭახელას ხეობაში  ტურისტები შეიძლება დაინტერესდნენ  მაჭახელას ცნობილი თაფლითა და მისი დამზადების ტექნოლოგიით.

აქ მდებარეობს მაჭახელას ეროვნული პარკი, რომელიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფაგლებში მდინარე მაჭახელას ხეობაშია მოქცეული. იგი უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნითაა შექმნილი. მაჭახელას ეროვნული პარკი წარმოადგენს  ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს) და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) ერთმანეთთან აკავშირებს.

სანახაობები: ცხემლარას ხიდი, ჩხუტუნეთის ციხე, მაჭახელის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქოქოლეთის ხიდი, ჩხერის ხიდი.

აქტივობები: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მეფუტკრეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ნადირობა, თევზაობა, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ჯომარდობა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, "მაჭახელას თოფის" შექმნის ტრადიციის გაცნობა, ხალხური რეწვის შესწავლა - ქსოვა, ქარგვა, გოდრის და კალათების დაწნა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად).

ტრანსპორტი:

  • სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ზედა ჩხუტუნეთი" - გადის სავაჭრო ცენტრი ბონის (ცენტრალური ბაზრი, მაიაკოვსკის ქ.) მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველდღე - 16:00, 19:00 სთ-ზე. მგზავრობის ფასი: 2 ლარი.
  • სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ჩიქუნეთი" გადის თბილისის მოედნიდან, ყოველდღე - 11:00, 14:00, 17:00 სთ-ზე. მგზავრობის ფასი: 2 ლარი.

//