ზოგადი აღწერა:
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. იგი რეგიონის კულტურისა და მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. აქ მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა.მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია არა მხოლოდ სხვადასხვა არქეოლოგიური ბაზებიდან გადმოტანილი ექსპონატები, არამედ მუზეუმის მიერ წარმოებული ექსპედიციებისა და დაზვერვითი სამუშაოების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.განსაკუთრებით მდიდარია ფიჭვნარის, ანტიკური ხანის ნაქალაქარის, ძვ.წ. V ს კოლხური, ძვ.წ. V-IV სს. ბერძნული და ელინიზმის ეპოქის (ძვ.წ. IV-III სს) სამაროვნების არქეოლოგიური ექსპონატები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახ.წ. I-II სს. დათარიღებული ოქროს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება.






