ზოგადი აღწერა:
1881 წელს პრუსიელი მებაღის რესლერის ხელმძღვანელობით ბათუმში პირველი სამოქალაქო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 1885 წლიდან კი ე.წ. "ქალაქის ბაღის" განაშენიანება ფრანგმა მებაღემ დალფონსმა გააგრძელა. 1888 წელს ბათუმს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია. ბაღის სილამაზით მოხიბლულმა ოჯახის წევრებთან ერთად პარკში ხეები დარგო. იმპერატორის პატივსაცემად "ქალაქის ბაღს" "ალექსანდრეს ბაღი" ეწოდა, თუმცა მისი სახელწოდება პერიოდულად იცვლებოდა. დღეს მას "6 მაისის პარკი" ჰქვია. აქ კომპლექსურადაა შერწყმული საგანმანათლებლო-შემეცნებითი ობიექტები: დელფინარიუმი, აკვარიუმი და ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები. ასევე შეგიძლიათ გაიგოთ დრო "მზის საათის" მეშვეობით, დატკბეთ დეკორატიული "ქვის შადრევნით", გაისეირნოთ ტბაზე ნავით.
დელფინარიუმი:
ბათუმის სავიზიტო ბარათი - დელფინარიუმი, სწორედ "6 მაისის პარკშია". ყოველ სეზონზე მაყურებელი ახალი შოუს მონაწილე ხდება. ყველაზე პრეტენზიული სტუმარიც კი ბათუმის დელფინარიუმს დაუვიწყარი შთაბეჭდილებითა და კვლავ დაბრუნების სურვილით ტოვებს.
აკვარიუმი:
აკვარიუმის ისტორია 46 წელს ითვლის. აქ წარმოდგენილია შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობა, რომელთა უმეტესობა ადგილზევეა გამოყვანილი და გამრავლებული. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახალი აკვარიუმის კონცეფციასა და სამომავლო პროექტზე.
ატრაქციონები:
პარკის ატრაქციონები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვისაა განკუთვნილი.






